23 მარტი მეტეოროლოგიის მსოფლიო დღეა. თარიღის დაარსება 1950 წლის 23 მარტს, მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის კონვენციის ძალაში შესვლას უკავშირდება.
რაც შეეხება საქართველოს, მეტეოროლოგიის დღე 1992 წლიდან, მას შემდეგ აღინიშნება, რაც ქვეყანა მსოფლიო მეტეოროლოგიურ ორგანიზაციაში გაწევრიანდა.
მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მიზანია, ამინდის და კლიმატის ცვლილების, წყლით გამოწვეული მსხვერპლის და ზიანის შემცირება, აგრეთვე, მდგრადი განვითარების უნივერსალური მიზნის დასახვა, კლიმატის შენარჩუნება და გარემოს დაცვა მომავალი თაობებისთვის.
ამინდის მსოფლიო სამსახურის ძირითად კომპონენტს დედამიწაზე, ზღვაზე, ჰაერში და კოსმოსურ სივრცეში მეტეოროლოგიურ პარამეტრებზე დაკვირვების გლობალური სისტემა წარმოადგენს, რომელშიც 191 ქვეყანა, მათ შორის _ საქართველოა გაერთიანებული.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში ამჟამად 86 მეტეოროლოგიურ და 52 ჰიდროლოგიურ დაკვირვების პუნქტზე მიმდინარეობს მონიტორინგი.
საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახური არსებობის 170 წელიწადზე მეტს ითვლის.