სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ჩეხეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი და რწმუნებულის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი, ასევე გორისა და კასპის მუნიციპალიტეტების მერები ჩეხეთის განვითარების სააგენტოს საქართველოს პროგრამების მენეჯერს პეტრა მოიზისოვას შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა დაცული ტერიტორიების საკითხები განიხილეს და შიდა ქართლის დაცული ტერიტორიების განვითარების გზებსა და სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ შემუშავებული კანონპროექტი შიდა ქართლში, გორისა და კასპის მუნიციპალიტეტში თეძმის დაცული ტერიტორიების შექმნას ითვალისწინებს. ახალი დაცული ტერიტორიის შექმნა უზრუნველყოფს უნიკალური ეკოსისტემების დაცვას, ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტის შენარჩუნებას, ბუნებრივი რესურსების მდგრად სარგებლობას, ტერიტორიაზე ტურისტულ‐რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარებას და რეკრეაციული პოტენციალის სრულად ათვისებას, რაც, შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა-განვითარების პირობებში, მნიშვნელოვანი შემოსავლების მიღების წყარო იქნება ადგილობრივი მოსახლეობისთვის.
ცნობისთვის, გასულ წელს, შიდა ქართლში, 32 850 ჰექტარ ფართობზე, დაცული ტერიტორია შეიქმნა.