საზოგადოება
22.03.2023 11:41
„ჩვენთან ერთად და არა ჩვენთვის“ - დაუნის სინდრომის დღე გორში სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნეს

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გორში არაერთი   ღონისძიება გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს თანამშრომლები, დაუნის სინდრომის მქონე პირები და მათი ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს, მსოფლიო ყოველ წელს განსხვავებული სლოგანით აღნიშნავს, წელს ეს დღე მეთორმეტედ აღინიშნა და 2023 წლის გზავნილია - „ჩვენთან ერთად და არა ჩვენთვის“.

ღონისძიების ორგანიზატორთა თქმით, ამ დღის აღნიშვნის მთავარი მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების უფლებების დაცვაა.

აღსანიშნავია, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერია სხვადასხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან თანამშრომლობს და მათთან პარტნიორობით ახორციელებს პროექტებს, რომლებიც დაუნის სინდრომის მქონე პირებს სხვადასხვა სახის სამედიცინო-სარეაბილიტაციო მომსახურებას სთავაზობს.

შეგახსენებთ, დაუნის სინდრომის მქონე მოქალაქეებისთვის გორის მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამა ითვალისწინებს ერთჯერად სოციალურ დახმარებას - 500 ლარის ოდენობით. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მათ, ასევე უფინანსდებათ სტაციონარული, ამბულატორიული მომსახურება, კვლევები, სამკურნალო-სარეაბილიტაციო კურსები და მედიკამენტები.

კვირის ამბები