რეგიონი
21.03.2023 16:26
გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, გამოფენა გაიხსნა
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში, მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოში შვედეთის საელჩოს მხარდაჭერით, გამოფენა სახელწოდებით - „ჩვენ - 30 ამბავი“ გაიხსნა.

სერგი მაკალათიას სახელობის გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ექსპოზიციას დღეიდან, 21 მარტიდან 28 მარტის ჩათვლით უმასპინძლებს.

„ღონისძიება პროექტის - „ბავშვები სტერეოტიპებით არ იბადებიან“ ფარგლებში იმართება და საქართველოში „შვედური ინსტიტუტის“ მხარდაჭერით, „გლადა ჰუდიკ თეატრი“ ახორციელებს.
პროექტის მიზანია, ინტელექტუალური განვითარების დარღვევების შესახებ ცნობიერების ამაღლება, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ დამკვიდრებული სტერეოტიპული აზროვნების, ხედვის და დამოკიდებულების შეცვლა, ასევე საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის ხელშეწყობა“, - აცხადებენ პროექტის ორგანიზატორები.

რაც შეეხება ხვალინდელ ანონსს, ამავე ღონისძიების ფარგლებში, 22 მარტს 15:00 საათზე, მუზეუმში ჩატარდება სემინარი მასწავლებლებისთვის - „ბავშვები სტერეოტიპებით არ იბადებიან“.
კვირის ამბები