სახალხო დღესასწაული - ნოვრუზ ბაირამი დღეს, 21 მარტს დაიწყო და სამ დღეს გაგრძელდება
საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები ნოვრუზ ბაირამს აღნიშნავენ.
სახალხო დღესასწაული დღეს, 21 მარტს დაიწყო და, ტრადიციულად, სამ დღეს გაგრძელდება.
სიტყვა ნოვრუზის ერთი ნაწილი „ნოვ“ ახალს, ხოლო მეორე - „რუზ“, დღეს ნიშნავს.
21 მარტს დღისა და ღამის გათანასწორების, ჰაერის გათბობის, თოვლის დნობის დაწყების, ხეებზე ყლორტის გამოსვლისა და დედამიწის გამოცოცხლების, ანუ სიცოცხლის დაწყების დღედ მიიჩნევენ და შესაბამისად, ნოვრუზ ბაირამიც გაზაფხულის შემოსვლის, ზოგიერთ ქვეყანაში კი, ახალი წლის დღესასწაულია.
საზოგადოებაში გავრცელებული შეხედულების მიუხედავად, ეს დღე არა ისლამური, არამედ, აღმოსავლური ერების დიდი ნაწილის ტრადიციული, ეთნიკური ხასიათის დღესასწაულია.
2010 წელს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ნოვრუზი საერთაშორისო დღედ აღიარა. 2009 წლის 28 სექტემბრის იუნესკოს სამიტზე ნოვრუზი ოფიციალურად იქნა შეტანილი კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში.
რაც შეეხება საქართველოს, 2010 წელს, ნოვრუზ ბაირამი საქართველოში საერთო სახალხო დღესასწაულად გამოცხადდა.