„საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობასა და პროფესიული ეთიკის მაღალ სტანდარტებზე დაფუძნებული თქვენი საქმიანობა საკვანძოა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების და მისი ევროპული მომავლის მშენებლობისთვის. თქვენ არა მხოლოდ საზოგადოების ინფორმირების თავისთავად უმნიშვნელოვანეს საქმეს ემსახურებით, არამედ განსაკუთრებული წვლილი შეგაქვთ პოლიტიკური და საზოგადოებრივი კულტურის განვითარებაში, დემოკრატიულ ღირებულებათა დამკვიდრებაში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვიულის მიერ გავრცელებულ მილოცვის ტექსტშია აღნიშნული.
პრემიერ-მინისტრი თითოეულ ჟურნალისტს, მედიასაშუალებების ყველა თანამშრომელს ქართული ჟურნალისტიკის დღეს ულოცავს, მადლობას უხდის და წარმატებას უსურვებს საქმიანობაში.
„ჩვენი მთავრობა და პოლიტიკური გუნდი კარგად აცნობიერებს თქვენი პროფესიის უდიდეს სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას. ამის დასტურია „ქართული ოცნების“ მიერ გატარებული რეფორმები, რომელთა შედეგადაც არსებითად გაუმჯობესდა მედიის პლურალიზმი და გაიზარდა თავისუფლების ხარისხი.
მადლობას გიხდით თქვენი შრომისთვის და წარმატებებს გისურვებთ თქვენს ძალიან მნიშვნელოვან საქმიანობაში“, - აღნიშნულია ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვის წერილში.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება.