საზოგადოება
21.03.2023 14:38
სასათბურე მეურნეობის მოსაწყობად, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებთა განაცხადები 10 აპრილამდე მიიღება
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, „სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში, იძულებით გადაადგილებულ პირთა განაცხადები 10 აპრილამდე მიიღება.
როგორც უწყებაში აცხადებენ, პროგრამის მიზანს დევნილებისა და განსახლებული ეკომიგრანტების სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერა წარმოადგენს.
საგრანტო პროგრამაში გამარჯვებული დევნილების და ეკომიგრანტების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სათბურები მოეწყობა. ჯამში, 30-მდე პროექტი დაფინანსდება.
„ამ ეტაპზე, პროგრამაში მონაწილეობა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებსა და ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეუძლიათ. პროგრამა ბენეფიციარის მხრიდან თანამონაწილეობის კომპონენტსაც ითვალისწინებს. პროგრამაში მონაწილეობის მსურველი დევნილებისა და ეკომიგრანტების საგრანტო განაცხადების მიღება 10 აპრილამდე გაგრძელდება. განაცხადის გამოგზავნა შესაძლებელია სააგენტოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე – info@idp. gov. ge ან სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში შემდეგ მისამართებზე: თბილისი, თამარაშვილის ქ.N15ა; გორი, სამების ქუჩა N1; რუსთავი, კოსტავას ქ. N20; ქუთაისი, აბაშიძის გამზ. N27“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვირის ამბები