დღეს, 21 მარტს, საქართველოში მესაზღვრის დღე აღინიშნება. აღნიშნული დღე საქართველოში 1999 წელს დაწესდა და შესაბამისად, წელს ოცდამეოთხედ აღინიშნება.
რაც შეეხება საქართველოს სახელმწიფო საზღვარს, ქვეყანას ესაზღვრება ჩრდილოეთიდან რუსეთის ფედერაცია, სამხრეთიდან - თურქეთის რესპუბლიკა და სომხეთი, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან კი - აზერბაიჯანი.
საქართველოს სახელმწიფო საზღვარს იცავს სასაზღვრო პოლიცია, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური სამსახური და სამართალდამცავი ორგანოა.
სასაზღვრო პოლიციის ამოცანებია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვა, სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად ქვეყნის ტერიტორული მთლიანობის, სახელმწიფო საზღვრის ხელშეუხებლობის, სახელმწიფოს, მოქალაქეთა და მათი ქონების უსაფრთხოების დაცვა, ასევე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო ზოლში, სასაზღვრო ზონაში, საქართველოს საზღვაო სივრცესა და საქართველოს იურისდიქციას დაქვემდებარებულ გემებზე.
სასაზღვრო ინციდენტების, სამხედრო ან სხვა სახის აგრესიის, ტერორისტული აქტების თავიდან აცილება და მოგერიება.
სასაზღვრო პოლიციის განსაკუთრებული ამოცანებია, დაეხმაროს სხვა უწყებებს სტიქიური უბედურებების, კატასტროფებისა ან სხვა განსაკუთრებული საფრთხის დროს. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მისიაა, დაიცვას საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, სასაზღვრო ზოლი, სასაზღვრო ზონა და საქართველოს საზღვაო სივრცე, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, უზრუნველყოს ქვეყნისა და მოსახლეობის უსაფრთხოება.