საზოგადოება
30.01.2020 16:22
საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის პრევენციისთვის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

„ქვეყანაში, ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების თავიდან ასარიდებლად და გავრცელების შემთხვევაში რეაგირების მიზნით, საქართველოს მთავრობამ შესაბამისი სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა შინაგან საქმეთა, ფინანსთა, საგარეო საქმეთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებს დაევალათ. საჭიროების შემთხვევაში ფინანსური რესურსების გამოყოფა სათანადო ასიგნებებიდან; საგანგებო მდგომარეობის დროს, ყველა აღმკვეთი და რეაგირების ღონისძიებების კოორდინირება და სამედიცინო დაწესებულებების დაცვა, ასევე, პაციენტთა ტრანსპორტირებისას, სასწრაფო დახმარების მანქანებისთვის მოძრაობაში დახმარება; სახელმწიფო წესრიგის და სტრატეგიული სახელმწიფო ობიექტების უსაფრთხოების დაცვა; კორონავირუსის გავრცელების არეებიდან შემოსული მგზავრებისთვის შემოსვლისას „სამახსოვროს“ დარიგება და ასე შემდეგ - საჭიროების შემთხვევაში, ზემოხსენებულ ფუნქციებს სწორედ ეს სამთავრობო უწყებები გადაინაწილებენ“, -  აღნიშნული განცხადება, საქართველოს მთავრობის მეთაურმა გიორგი გახარიამ, დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

უნდა აღინიშნოს, რომ საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, საქართველოს მსგავსად, გარკვეული ზომები უამრავმა ქვეყანამ მიიღო. მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციების გამო, რასაც საზოგადოების პანიკა და ჩინეთთან მიმართებაში ეკონომიკური შეზღუდვების  დაწესება მოყვა, ვარაუდობენ, რომ ვირუსი ხელოვნურად შეიქმნა.

ბოლო მონაცემებით, ახალი ტიპის 2019-nCoV შტამის ვირუსს  17 ქვეყანა ებრძვის -   ჩინეთი, ტაივანი, ავსტრალია, კამბოჯა, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იაპონია, მალაიზია, ნეპალი, შრი ლანკა, სინგაპური, ტაილანდი, სამხრეთ კორეის რესპუბლიკა, აშშ, ვიეტნამი და არაბთა გაერთიანებული საამიროები. კორონავირუსს, 132 ადამიანის სიცოცხლე უკვე ემხვერპლა, გამოვლენილი და დადასტურებული შემთხვევები კი, 6000-ს აღემატება.

კვირის ამბები