კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო ახალგაზრდული მრჩველთა საბჭოს წევრების შესარჩევად ღია კონკურსს აცხადებს.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 16-დან 26 წლის ჩათვლით ასაკის ახალგაზრდებს.
ორგანიზატორთა თქმით, ღია კონკურსის წესით და გენდერული ბალანსის დაცვით საბჭოს 22 წევრი შეირჩევა და საბჭოს შემადგენლობაში აუცილებლად უნდა იყვნენ წარმოდგენილნი დევნილი ახალგაზრდები ოკუპირებული ტერიტორიებიდან. ასევე, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები.
ამასთან, საბჭოს შემადგენლობაში სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი თანაბრად უნდა იყოს წარმოდგენილი.
კონკურსში მონაწილისთვის აუცილებელი მოთხოვნებია: იცნობდეს ახალგაზრდობის სააგენტოს და ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს დებულებას; ინფორმირებული იყოს სახელმწიფოს ახალგაზრდული სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შესახებ.
„საბჭოს წევრების შესარჩევ კონკურსში კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში მოქმედ ნებისმიერი სამართლებრივი სტატუსის მქონე ახალგაზრდულ ან/და ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციას, მათ შორის მხოლოდ იმ სამეწარმეო სუბიექტებს, რომელთა საქმიანობის სფერო საგანმანათლებლო საქმიანობას განეკუთვნება.
ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს კონცეფცია, ევროპის საბჭოს „Advisory Council on Youth“ მოდელით შეიქმნა. საბჭო სრულიად მოხალისეობრივი და წარმომადგენლობითია“, - ნათქვამია ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 29 მარტი, 18:00 საათი. დეტალებს იხილავთ ბმულზე: shorturl .at / nruzF