დღეს, 20 მარტს, ბედნიერების საერთაშორისო დღე აღინიშნება.
11 წლის წინ, 2012 წელს, 20 მარტი ბედნიერების საერთაშორისო დღედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ გამოაცხადა.
ამ დღის დაწესებით, გაერომ ბედნიერებისკენ სწრაფვა აღიარა, როგორც ადამიანის ფუნდამენტური მიზანი. ამ დღის დაწესებით, გაერომ მოუწოდა ყველა ქვეყანას, რომ გააძლიეროს ძალისხმევა თითოეული ადამიანის კეთილდღეობის გაუმჯობესების მიმართულებით და რეკომენდაცია მისცა ორგანიზაციის ყველა წევრ-სახელმწიფოს, საერთაშორისო, თუ რეგიონალურ და სამოქალაქო საზოგადოებებს, შესაბამისად აღნიშნონ ბედნიერების დღე.
საინტერესოა, რომ ბედნიერების საერთაშორისო დღის დაარსების ინიციატორები და მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მიღებული დოკუმენტის ავტორები ბუტანის წარმომადგენლები იყვნენ.
ბუტანის მთავრობა, თავის მთავარ მიზნად თვლის ყველა მოქალაქის ბედნიერებას. ამ ქვეყანას აქვს საყოველთაო ეროვნული ბედნიერების სახელმწიფო კომისია და ბედნიერების სამინისტრო.
და მაინც, რა არის ბედნიერება? მინესოტას უნივერსიტეტის მკვლევარებმა კვლების შედეგად დაადგინეს, რომ ბედნიერება 50% გენი, 10% რეალობა და 40% ჩვენი აზრებია.
ბედნიერება ბიოქიმიური პროცესია, რომელიც ჰორმონებთან სეროტონთან (განაგებს ენერგიის მოზღვავებას და კარგ განწყობას), დოფამინთან (ქმნის ხანგრძლივ დადებით განწყობას) და ენდორფინებთან (უზრუნველყოფს ეიფორიის ხანმოკლე აფეთქებას) ასოცირდება.
რაც შეეხება, მთლიანი ეროვნული ბედნიერების ძირითად პრინციპებს, შემდეგში მდგომარეობს:
I. სამართლიანი და თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარება (ყველასთვის ერთნაირად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ჯანმრთელობის დაცვა, განათლება და ყველა სიკეთე);
II. კულტურული და სულიერი მემკვიდრეობის დაცვა და გაგრძელება;
III. გარემოზე ზრუნვა;
IV. ხელისუფლების ყველა ორგანოს კოორდინირებული, ერთმანეთთან შეთანხმებული მოქმედება.