საზოგადოება
20.03.2023 12:25
ნატოსა და საქართველოს შორის საკონტაქტო საელჩოებმა გორში ღონისძიება გამართეს

გორში, თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, დიდი ბრიტანეთის და რუმინეთის ერთობლივი ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც  ნატო-სა და საქართველოს შორის საკონტაქტო საელჩოებად ორი წლის ვადით არჩევა აღინიშნა.

ღონისძიებას დიდი ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი, რუმინეთის ელჩი რაზვან როტუნდუ და ნატოში ბრიტანეთისა და რუმინეთის მუდმივმოქმედი წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საკონტაქტო საელჩოების ქსელი 90-იანი წლების დასაწყისში დაარსდა, როგორც ნატოსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მხარდაჭერის ფორმა.

ნატო-ს საკონტაქტო საელჩო ხელშემწყობი ორგანოა ნატო-ს ალიანსსა და მესამე ქვეყნებს შორის ურთიერთთანამშრომლობის დასამყარებლად. მისი ძირითადი მიზანია საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნების განხორციელება საჯარო დიპლომატიის გამოყენებით, ითვალისწინებს ასევე საქართველოს მოქალაქეებისთვის ალიანსში ინტეგრაციის თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას უზრუნველყოფს, რასაც ახორციელებს საინფორმაციო შეხვედრების, პოლიტიკური დისკუსიების, სტუდენტური ვიზიტებისა და მიმდინარე თემებზე ბრიფინგების ორგანიზებით.

ცნობისთვის, საქართველოში ბრიტანეთისა და რუმინეთის საელჩოებს ნატო-ს საკონტაქტო საელჩოების სტატუსი მიმდინარე წლის 24 იანვარს მიენიჭათ. სტატუსის გადაცემის ცერემონია პოლონეთის საელჩოში გაიმართა. ბოლოს, სწორედ პოლონეთი ატარებდა ამ სტატუსს, რომელსაც ნატო მონაცვლეობით გასცემს სხვადასხვა ქვეყანას.

კვირის ამბები