საქართველოს ტერიტორიაზე, კორონავირუსის ახალი ტიპის (2019-nCoV) შემოტანის და გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტთან ერთად, რეექსპორტი და ტრანზიტიც აიკრძალა. გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო. შესაბამის განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უკვე მოაწერა ხელი.
„აკრძალვა ძალაში იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIE) მიერ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კორონავირუსიდან თავისუფალ ზონად გამოცხადებამდე. სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტო და სსიპ - შემოსავლების სამსახური უზრუნველყოფენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის დროებით აკრძალვას,“ - ნათქვამია პრემიერის განკარგულებაში.
ცნობისთვის, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან დეკორატიული კუს და დეკორატიული თევზების იმპორტი ხორციელდებოდა.