საზოგადოება
20.03.2023 12:14
რეფერენტული ფასი კიდევ 300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე ამოქმედდა
მედიკამენტებზე დაწესებული რეფერენტული ფასი, დამატებით, 300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე ამოქმედდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საერთო ჯამში, ფასის ზედა ზღვარი, უკვე 1100-ზე მეტ წამალზე მოქმედებს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, მედიკამენტების ჩამონათვალი უახლოეს მომავალში, კიდევ უფრო გაიზრდება.

„რეფორმის მიზანი ქვეყანაში წამლის ღირებულების შემცირებაა. ცვლილების მიხედვით ფარმაცევტულმა კომპანიებმა დადგენილი ფასებით უნდა იხელმძღვანელონ. იმ შემთხვევაში, თუ აფთიაქები მედიკამენტებს, აღნიშნულ ფასზე ძვირად გაყიდიან დაჯარიმდებიან. ამასთან, რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი, ეტაპობრივად, სხვა ჯგუფის მედიკამენტებზეც ამოქმედდება.
მედიკამენტებზე განსაზღვრული რეფერენტული ფასი ორიგინალისა და მისი ანალოგი გენერიკებისთვის განსხვავებულია, რაც ბაზარზე საერთაშორისო ბრენდების ინტერესს დააზღვევს“, - აცხადებენ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ მოსახლეობისთვის წამლებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სახელმწიფომ, ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტების ღირებულების ის მაქსიმალური ზღვარი დაადგინა, რომელზე მაღალ ფასადაც, მათი რეალიზაცია აიკრძალა.
კვირის ამბები