სპორტი
20.03.2023 11:11
სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალურ შეჯიბრებებში გამარჯვებულ გუნდებს გორის მერის მოადგილემ თამაზ შიოშვილმა სპორტული ფორმები გადასცა

სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში გამართულ მუნიციპალურ შეჯიბრებებში გამარჯვებულ გუნდებს სპორტული ფორმები გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თამაზ შიოშვილმა გადასცა და წარმატებები უსურვა.

7 სახეობაში მოასპარეზე 14 გუნდის 100-ზე მეტი წევრი (გოგონები, ბიჭები) ახალი ფორმებით ოლიმპიადის შემდეგ ეტაპებზე იასპარეზებს.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, ფორმების შესაძენად თანხა გორის მუნიციპალიტეტის სპორტული ღონისძიებების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში გამოიყო.

მინი ფეხბურთში, 3X3-ზე კალათბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, გეზრბენში, ხელბურთში, ფრენბურთსა და ბადმინტონში გამართულ შეჯიბრებებში გორის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების გუნდები მონაწილეობდნენ.

გორელი მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული გუნდები ახლა რეგიონალურ შეჯიბრებებში მონაწილეობის მისაღებად ემზადებიან. წარმატებების შემთხვევაში, ზონალურ და დასკვნით თამაშებში მიიღებენ მონაწილეობას. დასკვნითი თამაშების შედეგების მიხედვით, სპორტის შვიდივე სახეობაში გამოვლინდებიან ქვეყნის მასშტაბით გამარჯვებული გუნდები, რომლებიც საერთაშორისო დონის (ევროპა, მსოფლიო) სასკოლო ჩემპიონატებში მიიღებენ მონაწილეობას.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ორგანიზატორთა თქმით, ოლიმპიადის მიზანია სასკოლო სპორტის განვითარების ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ახალგაზრდების დაინტერესება და ჩართვა სპორტის სხვადასხვა სახეობაში.

ცნობისთვის, საქართველოს მასშტაბით, სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში 1700-ზე მეტი საჯარო და კერძო სკოლის 8000-ზე მეტი გუნდია ჩართული.

კვირის ამბები