თავდაცვის სამინისტროს ახალი პროექტი იწყება - რა მიზანი აქვს საზაფხულო „ჯარის ბანაკს“
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ახალ პროექტს იწყებს. საზაფხულო „ჯარის ბანაკი“ თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინიცირებული პროექტია და მას თავდაცვის უწყება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად წელს პირველად განახორციელებს.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „ჯარის ბანაკი“ ზაფხულში კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში მოეწყობა და მასში ჩართვა მე-9, მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ.
საზაფხულო „ჯარის ბანაკის“ აღსრულებას წვრთნების და სამხედრო განათლების სარდლობა უზრუნველყოფს. სერჟანტთა აკადემიაში ბანაკისთვის საჭირო ინფრასტრუქტურული და ფიზიკური აქტივობებისთვის განკუთვნილი სივრცეების მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია, მიმდინარეობს დღის გეგმაზე მუშაობა და სხვადასხვა აქტივობის პროგრამის დეტალურად გაწერა.
„საზაფხულო „ჯარის ბანაკი“ ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და ქართული ჯარის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას“, - აცხადებენ სამინისტროში.