საზოგადოება
17.03.2023 14:59
მასწავლებლის საგნის და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდებისთვის რეგისტრაცია 20 მარტიდან დაიწყება

მასწავლებლის საგნის და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდებისთვის რეგისტრაციის გავლა დაინტერესებულ პირებს 20 მარტის 10:00 საათიდან 3 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლებათ.

რეგისტრაცია განხორციელდება მხოლოდ ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სარეგისტრაციო გვერდზე online.naec.ge.

ყველა მსურველს უფლება აქვს აირჩიოს მხოლოდ ერთი საგანი და ასევე, სურვილის შემთხვევაში, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა.

რეგისტრაციის დროს გამოსაცდელი უთითებს მხოლოდ პირად ნომერს; საკონტაქტო ტელეფონის ნომერს; საგანს, რომლის ჩაბარებაც სურს (შესაძლებელია მხოლოდ ერთი საგნის არჩევა); სასურველ საგამოცდო ქალაქს.

გამოსაცდელებმა, რომლებსაც ესაჭიროებათ სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა, რეგისტრაციის დროს უნდა მონიშნონ - „სპეციალური პირობები“ და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მის.: თბილისი, ე. მინდელის N9) ან ადგილობრივ საგანმანათლებლო რესურსცენტრში (რესურსცენტრების მისამართები) 13 აპრილის 18:00 საათამდე უნდა წარადგინონ შესაბამისი ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა N100).

ტესტირებაში მონაწილეობის საფასური - 50 ლარია. პრაქტიკოსი და სპეციალური პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის რეგისტრაცია კი, შესაბამისი გამოცდისთვის უფასოა.

თუ მონაწილე რეგისტრაციის ვადის განმავლობაში არ დარეგისტრირდა ტესტირებაზე ან ამ ვადის ამოწურვამდე უარი განაცხადა ტესტირებაში მონაწილეობაზე გადახდილი თანხა სრულად დაუბრუნდება. განაცხადები მიიღება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მის.: ქ. თბილისი, ე. მინდელის N9), რეგიონებში კი - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.

 

 

 

 

კვირის ამბები