საზოგადოება
15.03.2023 17:18
გორში, დასაქმების სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ისწავლე დასაქმებისთვის“ ფარგლებში, გორში შეხვედრა გაიმართა.

დიალოგის მიზანი, სექტორთა შორის თანამშრომლობა განათლებისა და დასაქმების სფეროში არსებული პრობლემების დასაძლევად, მიმდინარე გამოწვევებსა და მდგომარეობის გაუმჯობესების გზებზე მსჯელობა იყო.

ღონისძიებას  ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციების, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის,  მედიის, საგანმანათლებლო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ ლიკა კილაძემ „გორის მაცნესთან“ საუბარში აღნიშნა, შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა  მობილობასთან დაკავშირებული გამოწვევები სამუშაოს მაძიებელი პირებისთვის და ოჯახის მხარდამჭერი მომსახურებების როლი ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაში.

„დღევანდელ შეხვედრას ორი მთავარი მიზანი ჰქონდა, ერთი - დასაქმების ხელშეწყობა და მეორე - კერძო და საჯარო სექტორებს შორის პარტნიორობის გაუმჯობესების ხელშეწყობა ტურიზმისა და საზღვაო მიმართულებით. ბუნებრივია, რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე, აქცენტი გაკეთდა ტურიზმის მიმართულებით. გეტყვით იმასაც, რომ გორში გვაქვს ოფისი, სადაც მუშაობს ორი კონსულტანტი და ემსახურება შიდა ქართლის რეგიონის მოსახლეობას დასაქმების კუთხით.

რაც შეეხება შეხვედრაზე დასმულ საკითხებს, გამოიკვეთა ოჯახის მხარდამჭერი მომსახურებების როლი ქალთა ეკონომიურ გაძლიერებაში. იქნება ეს საბავშვო ბაღების თემა, თუ მცირე მობილობის პრობლემები სოფლად მცხოვრები სამუშაოს მაძიებელი ქალებისთვის.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებამ, მათ შორის სატრანსპორტო სააგენტოს და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა გაიზიარეს და მზაობა გამოთქვეს - იმუშაონ მობილობის პრობლემის გადაჭრასა და მცირეწლოვანი შვილების დედებისთვის უფრო მოსახერხებელი სამუშაო და შესვენების დროის განსაზღვრაში“, - აღნიშნა ლიკა კილაძემ.

პროექტს „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“  განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (TEDEC), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსთან (EAARA), ფონდთან „აფხაზინტერკონტი“ (AIC) და ინოვაციების და ცვლილებების ინსტიტუტთან (ICI) ერთად, ევოროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ექვს რეგიონში – იმერეთში, გურიაში, რაჭა–ლეჩხუმში, აჭარაში, შიდა ქართლსა და კახეთში ახორციელებს.

კვირის ამბები