საზოგადოება
15.03.2023 10:49
თავდაცვის სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში იწვევს, რიგითის საწყისი ხელფასი შეადგენს 1530 ლარს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში იწვევს 18-დან 35 წლის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეებს, ხოლო იმ პირებს, რომლებსაც გააჩნიათ ლოჯისტიკის, კავშირგაბმულობის, სამედიცინო, საინჟინრო და ქიმიური, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სპეციალობის შესაბამისი განათლება ან გამოცდილება, - 45 წლის ჩათვლით.

უწყების ინფორმაციით, საკონტრაქტო სამსახურში გასაწვევად მსურველები რამდენიმე ეტაპს გაივლიან.

 

,,საკონტრაქტო სამსახურში მოსახვედრად თქვენ გაივლით შემდეგ ეტაპებს:

  • რეგისტრაცია
    • სამედიცინო შემოწმება
    • საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი (BCT-2 თვე)

BCT კურსის განმავლობაში, მიიღებთ ანაზღაურებას თვეში 500 ლარის ოდენობით. საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე ჩარიცხვის დღიდან თქვენ უზრუნველყოფილი იქნებით კვებით, სამხედრო ფორმით (საველე აღჭურვილობით), განთავსებით, მაღალი დონის სამედიცინო მომსახურებით, სოციალური და სამართლებრივი გარანტიებით. სამსახურში გადანაწილების დროს, მაქსიმალურად არის გათვალისწინებული ტერიტორიული პრინციპი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

რიგითის საწყისი ხელფასი შეადგენს 1530 ლარს. ანაზღაურება იზრდება წოდების, თანამდებობისა და სამხედრო სტაჟის გათვალისწინებით.

ერთჯერადი დანამატები შეადგენს: პირველი 4-წლიანი კონტრაქტის დასრულების შემდეგ 8 000 ლარს (ხელზე ასაღები), ხოლო მომდევნო კონტრაქტების დასრულების შემდეგ (ხელზე ასაღები): 2-წლიანი კონტრაქტისას - 6 000 ლარს, მეორე 4-წლიანი კონტრაქტისას - 16 000 ლარს; უმცროს ოფიცერთათვის - პირველი 5-წლიანი კონტრაქტისას - 10 000 ლარს; მეორე 5-წლიანი კონტრაქტისას - 20 000 ლარს.

საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე შეღავათებითა და პრივილეგიებით ისარგებლებს, როგორც სახელმწიფო, ასევე ბიზნეს სექტორში.

თავდაცვის სამინისტრო თქვენი და თქვენი ოჯახის წევრებისთვის (მეუღლე, შვილი) გთვაზობთ სწავლის თანადაფინანსებას საქართველოს ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებლებში. ასევე, აკრედიტებულ საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლისას, მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის სტიპენდიას სემესტრულად 750 ლარის ოდენობით (გადასახადებისა და საპენსიო შენატანის გარეშე)“, - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინფორმაციის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს, როგორც სერჟანტთა, ასევე ოფიცერთა შემადგენლობაში პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობაც მიეცემა.

,,უწყება მათ სთავაზობს უცხო ენების (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, თურქული და რუსული) შესწავლას, საკარიერო კურსებში მონაწილეობას საზღვარგარეთ (ევროპაში, კანადასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში).

საკონტრაქტო სამსახურის დაწყების შემდეგ, თქვენ შესაძლებლობა გექნებათ, დაეუფლოთ დამატებით პროფესიას (ელექტრიკოსი, ელექტრორკალური შემდუღებელი, მძიმე სამშენებლო ტექნიკის ოპერატორი, სავალი ნაწილის ტექნიკოსი, ძრავის სპეციალისტი, ავტომობილის შემკეთებელი (ელექტროტექნიკოსი), დაბალი ძაბვის ელექტრიკოსი), როგორც თავდაცვის ძალებში არსებულ სასწავლებლებში, ასევე თავდაცვის სამინისტროს დაფინანსებით სამოქალაქო კოლეჯებსა და პროფესიული მომზადების ცენტრებში.
რეგისტრაცია წარმოებს ონლაინ - mod.gov.ge/onlinebct.mod.gov.ge
ასევე იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში.
032 2 79 02 00; 032 2 75 26 44; 595 05 06 73; 595 06 03 44“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

კვირის ამბები