მიწის ნაკვეთზე მარცვლოვანი კულტურების ნაწვერალის გადაწვისთვის მკაცრი ჯარიმა წესდება - მთავრობამ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კანონპროექტი მოიწონა.
ცვლილებების მოსალოდნელი შედეგი გავრცელებული მავნე პრაქტიკის - მოსავლის აღების შემდეგ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე ცეცხლის წაკიდების აღმოფხვრა და შემაკავებელი ეფექტის შექმნაა.
„როგორც არსებულმა პრაქტიკამ აჩვენა, ბოლო დროს გახშირებულია შემთხვევები, როდესაც სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მფლობელები, მოსავლის აღების შემდგომ ახდენენ მიწის ნაკვეთზე დარჩენილი ნაწვერალისთვის ცეცხლის წაკიდებას დაწვის მიზნით, რაც დიდ ზიანს აყენებს როგორც ნიადაგს ასევე გარემოს. ამასთანავე დიდია მიმდებარე ნაკვეთებზე, მინდვრებზე, ტყეებზე ან დასახლებულ პუნქტებზე ხანძრის გავრცელების ალბათობა. ამიტომ მიზანშეწონილია ასეთი ქმედებისათვის არსებობდეს შემაკავებელი ეფექტის მქონე მკაცრი ადმინისტრაციული ჯარიმა“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კანონპროექტის თანახმად, მიწის ნაკვეთზე არსებული მარცვლოვანი მცენარეებისთვის (მათ შორის, ნაწვერალი) ცეცხლის წაკიდების შემთხვევაში წესდება ადმინისტრაციული ჯარიმა - ფიზიკური პირებისთვის თითოეულ ჰექტარზე 1 000 ლარის, იურიდიული პირებისთვის კი - 2 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული სანქციები მიწის ნაკვეთის მესაკუთრის, მფლობელი ფიზიკური პირის, ან იურიდიული პირის დაჯარიმებას გამოიწვევს.