საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, მასწავლებლის პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემაში მნიშვნელოვანი ცვლილებები და სიახლეები შევიდა, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ სამინისტრო ავრცელებს.
აღნიშნული ცვლილებების შესაბამისად, მასწავლებლის სტატუსის მინიჭებისთვის სქემაში განსხვავებული პირობები განისაზღვრა. კერძოდ:
წამყვანი/მენტორის სტატუსის მინიჭება მოხდება უნარების გამოცდის შედეგების და პორტფოლიოს შეფასების საფუძველზე;
უფროს მასწავლებელს, რომელმაც უნარების გამოცდაში გადალახა მენტორის სტატუსის მისაღებად დაწესებული ზღვარი, საშუალება ეძლევა, პორტფოლიოს შეფასება წარმოადგინოს ან წამყვანობაზე, ან მენტორობაზე;
დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირები, რომელთაც უფროსის სტატუსი მოპოვებული აქვთ მინიმუმ 7 კრედიტზე დადასტურებული საგნის გამოცდით, ან ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის დოქტორობით, თავისუფლდებიან სტატუსის ასამაღლებელი უნარების გამოცდისგან და მხოლოდ პორტფოლიოს საფუძველზე შეფასდებიან.
ინფორმაციის თანახმად, სიახლეები შეეხო აზერბაიჯანული და სომხური ენების მასწავლებლებს. ცვლილებები მოიცავს სხვადასხვა საკითხს - მასწავლებლები, რომლებმაც საგნობრივი კომპეტენცია დაადასტურეს 10 კრედიტზე, მიიღებენ უფროსი მასწავლებლის სტატუსს, მასწავლებლებს პრაქტიკოსის სტატუსი შეუნარჩუნდებათ 2025-2026 სასწავლო წლის ბოლომდე.
მნიშვნელოვანი სიახლეებია სპეციალური მასწავლებლის კარიერული წინსვლის ხელშეწყობის კუთხითაც. ცვლილებების შესაბამისად:
სპეციალური მასწავლებლის სტატუსების ჩამონათვალს დაემატა მენტორის სტატუსი;
შეიცვალა წამყვანი და მენტორი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მოპოვების გზები - სტატუსის მოპოვება შესაძლებელი ხდება სპეციალური მასწავლებლობის მსურველების პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარების და პორტფოლიოს შეფასების საფუძველზე;
წამყვანის სტატუსის მოსაპოვებელი გამოცდა გაიმართება 2023 წელს, ხოლო მენტორის - 2024 წლიდან დაიწყება.
სპეციალური მასწავლებლები, რომლებიც მუშაობენ ინტელექტუალური და დასწავლის დარღვევების, მრავლობითი დარღვევების, სენსორული დარღვევების მქონე მოსწავლეებთან, გაივლიან სპეციალურ სასერტიფიკატო კურსს.
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აგრძელებს მასწავლებლის პროფესიული განვითარების სისტემის გადახედვის პროცესს, რაც პედაგოგთა მაქსიმალური ჩართულობით, მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემის დახვეწას და გაუმჯობესებას გულისხმობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.