საზოგადოება
14.03.2023 11:43
ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, საჯარო ინფორმაციის გაცემის საკითხებზე, მუნიციპალური ორგანოების თანამშრომლებისთვის ტრენინგი ჩატარდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტისა და პოლიტიკის დაგეგმვისა და სამთავრობო კოორდინაციის დეპარტამენტის ინიციატივით, შიდა ქართლში ტრენინგი ჩატარდა.

ტრენინგზე, რომელიც ევროკავშირის პროექტის - „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში გაიმართა, ინფორმაციის თავისუფლების თემასთან დაკავშირებულ საკითხებზე გამახვილდა ყურადღება.

შეხვედრა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მიხეილ შაყულაშვილმა გახსნა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენლები, ასევე გორის, ხაშურის, კასპის, ქარელის მუნიციპალიტეტების, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ის თანამშრომლები ესწრებოდნენ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საჯარო ინფორმაციის გაცემაზე.

ტრენინგს ევროკავშირის პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ექსპერტი გვანცა მეუნარგია უძღვებოდა.

ორგანიზატორთა თქმით, პროექტის მიზანი საჯარო ინფორმაციის გაცემის პრაქტიკის დახვეწა და ამ მხრივ, მუნიციპალური ორგანოების თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაა.

ცნობისთვის, ანალოგიური შეხვედრები მუნიციპალიტეტების და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან უკვე გაიმართა ქვემო ქართლსა და სამცხე ჯავახეთში.

კვირის ამბები