საზოგადოება
14.03.2023 11:32
რას მოიცავს ახალი საგანი, რომელსაც მე-10 კლასის მოსწავლეები ერთი სემესტრის განმავლობაში გაივლიან

მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების პროექტის ფარგლებში, კომუნიკაციების კომისიამ გორში 30-მდე პედაგოგი გადაამზადა. აღნიშნული პედაგოგები სკოლებში მედიაწიგნიერების საგანს წარუძღვებიან.

სემინარი მედიაწიგნიერების ტრენერმა, ანი გვეტაძემ ჩაატარა და მონაწილეებს პროექტის ფარგლებში შექმნილი სასწავლო მოდულის საკითხები გააცნო.

„მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების პროექტი მე-10 კლასელებისთვის არჩევითი საგნის დამატებას ემსახურება. მოსწავლეები, აღნიშნულ საგანს, გადამზადებული მასწავლებლების ხელმძღვანელობით, ერთი სემესტრის განმავლობაში გაივლიან და მედიაწიგნიერების, მედიისა და ინფორმაციის ენის, ინფორმაციის დამუშავებისა და დეზინფორმაციის შესახებ ისწავლიან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

„მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების“ პროექტს კომუნიკაციების კომისია გაეროს ბავშვთა ფონდის დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით ახორციელებს. პროექტი, საქართველოს ყველა რეგიონიდან, ჯამში, 500 მასწავლებლის გადამზადებას ისახავს მიზნად.

კვირის ამბები