საზოგადოება
14.03.2023 11:09
რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე ტრანსპორტის გადაადგილება კვლავ შეფერხებით ხდება

აღმოსავლეთ-დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ საავტომობილო მაგისტრალზე, კერძოდ რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე ტრანსპორტის გადაადგილება კვლავ შეფერხებებით ხდება. სოციალურ ქსელში გუშინ საღამოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე მშენებარე ობიქტი ჩამოიშალა, რამაც რთული ვითარება შექმნა და მორიგი შეფერხებები გამოიწვია.

აღნიშნულ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი გამოეხმაურა. უწყების ცნობით, ჩამოიშალა ერთ-ერთი უბნის დროებით მოპირკეთებულ ზედაპირი.

,,აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის უბისა-შორაპანის მონაკვეთზე მიმდინარე მშენებლობის პროცესში, მე-10 კმ-ზე არსებულ მეწყერულ ფერდზე, პროექტით გათვალისწინებულია ფერდის გამაგრების (დაანკერების) კომპლექსური სამუშაოების ჩატარება. სამუშაოების მიმდინარეობისას, ფერდის ე.წ. დატერასება-გამაგრებამდე, ბოლო პერიოდში მოსული უხვი ნალექის შედეგად გააქტიურებულმა მეწყრულმა პროცესებმა, ჩამოშალა ფერდის ერთ-ერთი უბნის დროებით მოპირკეთებული (ტორკრეტირებული) ზედაპირი, რამაც დააზიანა გარე ბეტონის სექცია. ამჟამად მიმდინარეობს ფერდის ჩამოწმენდის სამუშაოები, რის შემდეგაც განახლდება პროექტით დაგეგმილი სამუშაოების წარმოება. სამშენებლო ობიექტი მიმდინარეა და ბუნებრივია, სამუშაოები დასრულებული არ არის. შესაბამისად, ანაზღაურება მშენებელ კომპანიასთან მოხდება სამუშაოების სრულად დასრულების და საზედამხედველო კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოს დადასტურებისა და მიღების შემდგომ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

კვირის ამბები