საზოგადოება
13.03.2023 11:41
პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე - ექიმი 28 თებერვალს გორში დაჭრილ ვანო ღვინიაშვილზე

ამ ეტაპზე, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე, ახალგაზრდა მამაკაცი კვლავ რჩება სამხედრო ჰოსპიტლის ინტენსიური მოვლისა და ანესთეზიოლოგიის განყოფილებაში და უტარდება ინტენსიური თერაპია, - ამის შესახებ სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის ინტენსიური მოვლისა და ანესთეზიოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელმა ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგმა ზურაბ ნადირაშვილმა განაცხადა.

შეგახსენებთ, 28 თებერვალს, გორში, რკინიგზის სადგურის დასახლებაში მოქმედი ერთ-ერთი ავტოსახელოსნოს მღებავმა, 32 წლის ნიკა საბაშვილმა, მის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან ორი პირის - ვანო ღვინიაშვილის და ირაკლი კობერიძის მიმართ გასროლა განახორციელა, რა დროსაც კობერიძე გარდაიცვალა, ღვინიაშვილმა კი სხეულის მრავლობითი ცეცხლნასროლი დაზიანებები მიიღო, დაშავებულ ღვინიაშვილს ჩაუტარდა რამდენიმე ურთულესი ოპერაცია და ამ დრომდე სტაციონარული მკურნალობა უტარდება.

ღვინიაშვილის ახლობლებმა სამხედრო ჰოსპიტლის მიმდებარე ტერიტორიაზე 12 მარტს ღვინიაშვილის მხარდამჭერი აქცია გამართეს და განაცხადეს, რომ ღვინიაშვილი უდანაშაულოა და მისი მხრიდან ბრალდებულის მიმართ თანხის გამოძალვის მცდელობას ადგილი არ ჰქონია.

ცნობისთვის, მომხდარ ფაქტზე დაკავებულ ნიკა საბაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული, პარალელურად, ფულის გამოძალვის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო და სამართალდამცავებმა ერთი პირი - რატი მამედოვი დააკავეს.

ბრალდებული საბაშვილის ადვოკატის, ნოდარ ცინცაძის განცხადებით, მამედოვი და სროლის დროს დაშავებული პირები ავტოსახელოსნოში დასაქმებულ ნიკა საბაშვილს და მისი ოჯახზის წევრებს ფულს სძალავდნენ და ემუქრებოდნენ.

კვირის ამბები