სპორტი
13.03.2023 11:15
გორში სპორტული სივრცე გაიხსნა, სადაც სპორტსმენები კიკბოქსინგში, მკლავჭიდსა და კრივში ვარჯიშს შეძლებენ

გორში ახლადრეაბილიტირებული სპორტული სივრცე გაიხსნა, სადაც მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოზარდები კიკბოქსინგში, მკლავჭიდსა და კრივში ვარჯიშს შეძლებენ.

სპორტული დარბაზის გახსნას  შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე თემურ ხუბულური, გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენელები, ასევე ის სპორტსმენები და მწვრთნელები ესწრებოდნენ, რომლებიც სპორტის აღნიშნულ სახეობებს ეუფლებიან.

ახლადრეაბილიტირებული სპორტული დარბაზები (ძირითადი და დამხმარე) კომბინატის დასახლებაში არსებული კულტურის ცენტრის შენობის (მშვიდობის გამზირი #12/ა) აღმოსავლეთ ნაწილშია განთავსებული.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, შესაბამისი ინტერიერის მქონე სპორტულ დარბაზებში, ჯერჯერობით, საჭირო სპორტული ინვენტარის ნაწილია წარმოდგენილი. უახლოეს მომავალში აღნიშნული სპორტული სივრცეების ინვენტარით სრულად უზრუნველყოფა იგეგმება.

ამ ეტაპზე, კიკბოქსინგს, მკლავჭიდს და კრივს, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 150-მდე ახალგაზრდა ეუფლება.

კვირის ამბები