საზოგადოება
10.03.2023 13:03
რეგიონის ტურისტული, რეკრეაციული და სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების საკითხებზე, მიხეილ შაყულაშვილმა მუნიციპალიტეტების მერებთან შეხვედრა გამართა

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მიხეილ შაყულაშვილმა, პირველ მოადგილესთან სიმონ გულედანთან ერთად, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრის მონაწილეებმა რეგიონისთვის პრიორიტეტული საკითხები განიხილეს, ასევე, იმსჯელეს მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებაც.

სახელმწიფო რწმუნებულმა გორის, კასპის, ხაშურის და ქარელის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირებისგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღო რეგიონში არსებული ტურისტული, რეკრეაციული და სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით მიმდინარე პროცესების შესახებაც. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პროექტების მიმდინარეობა შეუფერხებლად მიმდინარეობს და განსაზღვრულ ვადებში დასრულდება.

 „მსგავსი სახის შეხვედრები ხელს უწყობს მუნიციპალიტეტებთან კოორდინირებულ მუშაობასა და მათთან ეფექტურ კომუნიკაციას. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს რეგიონებში განსახორციელებელი ფონდიდან 30 მილიონი ლარია გამოყოფილი, რომლის ფარგლებშიც 30-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება“, - აღნიშნა მხარის რწმუნებულმა.

 

 

კვირის ამბები