შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი რწმუნებულის პირველ მოადგილესთან სიმონ გულედანთან ერთად, საქართველოში ნატოს-სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს ალექსანდრ ვინიკოვს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარის რწმუნებულმა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს რეგიონის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ისაუბრა შიდა ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, მიმოიხილა რეგიონისთვის პრიორიტეტული, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, სპორტის და სხვა მიმართულებები. ისაუბრა ასევე ნატო-საქართელოს თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების საჭიროებაზე.
რეგიონის ხელმძღვანელობას ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ალექსანდრ ვინიკომაც მიაწოდა და ნატო-საქართველოს პარტნიორობისა და სამომავლო პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება. შეხვედრის დასასრულს, მხარეები სამომავლოდ კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, ალექსანდრ ვინიკოვი და მიხეილ შაყულაშვილი საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ქალებს გორის უნივერსიტეტში შეხვდნენ. ღონისძიება ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაციის - „თანხმობა“ ორგანიზებით მოეწყო. შეხვედრა საინფორმაციო ხასიათის იყო და გამომსვლელებმა შემდეგ თემებზე: „ნატო-საქართველოს ურთიერთობები“, „ქალთა ჩართულობა მშვიდობის მშენებლობის პროცესში“ და „ნატოს ქალთა, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგი“ - ისაუბრეს.