ყველაფერი ეს ემსახურება იმას, რომ ჩვენი კომპანიები და, საერთოდ, ეს პროექტი, რომელიც საქართველოს ტრანსპორტის ურბანული განვითარების პროექტით არის ცნობილი, თავისი შინაარსით იყოს ევროპული, - ამის შესახებ, ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის გენდერის კომპონენტის წარდგენის ღონისძიებაზე გორის სატრანსპორტო სააგენტოს დირექტორმა ზურაბ ჯირკველიშვილმა განაცხადა.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ორგნიზებით (EBRD), საქართველოს ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის გენდერის კომპონენტის წარდგენის ღონისძიებას გორმა უმასპინძლა.
რაც შეეხება ღონისძიების მონაწილეებს, პრეზენტაციას EBRD-ის რეგიონული დირექტორი კატარინა ბიორლინ ჰანსენი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, პროექტის მენეჯერი შალვა კოკოჩაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, გორის სატრანსპორტო სააგენტოს დირექტორი ზურაბ ჯირკველიშვილი და საქართველოს სატრანსპორტო სექტორში დასაქმებული ქალები ესწრებოდნენ.
„ჩვენი კომპანია 2021 წლიდან ფუნქციონირებს და, პრაქტიკულად, ტრანსპორტის შემოყვანა 2022 წლის დასაწყისში დავიწყეთ. ეს პროგრამა რომ არა, შეუძლებელი იქნებოდა ჩვენი ორგანიზაციის გამართულად მუშაობა, მით უმეტეს, პანდემიის პერიოდში. ამ პროგრამების დახმარებით, ვთანამშრომლობთ როგორც გენდენურ კომპონენტში კომპანიებთან, ასევე ტექნიკური მიმართულებითაც.
რა თქმა უნდა, არის საკითხები, რომელთან დაკავშირებითაც გამზადებული რეცეპტები არ გვაქვს, გვიწევს დისკუსია, თანამშრომლობა და, რაც ყველაზე მთავარია, ყველაფერი ეს ემსახურება იმას, რომ ჩვენი კომპანიები და, საერთოდ, ეს პროექტი, რომელიც საქართველოს ტრანსპორტის ურბანული განვითარების პროექტით არის ცნობილი, იყოს ევროპული თავისი შინაარსით. არა მარტო ტექნიკა გვყავდეს ევროპული, არამედ, მომსახურების დონე, შრომის პირობების შექმნის საკითხები, მომსახურება იყოს ევროპული, გენდერული კუთხეც ერთ-ერთი წინ წამოწეული საკითხია.
ძალზე კარგი პროგრამაა, კარგი პროექტია, დიდი დახმარებაა ჩვენთვის ამ ჯგუფების მონაწილეობა ჩვენს საქმიანობაში.
შეიძლება ჩაითვალოს, რომ ერეთ-ერთი ყველაზე მსხვილი და მნიშვნელოვანი პროექტია, რაც განხორციელდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დახმარებით“, - აღნიშნა „გორის მაცნესთან“ ზურაბ ჯირკველიშვილმა.
აღნიშნული პროგრამა საქართველოს 6 ქალაქში - გორში, ქუთაისში, ზუგდიდში, თელავში, რუსთავსა და ფოთში ხორციელდება.