საზოგადოება
09.03.2023 15:24
აქტიურად ვმუშაობთ, რომ კომფორტული იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება ჩვენი მოსახლეობისთვის - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი
გორში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ორგნიზებით (EBRD), საქართველოს ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის გენდერის კომპონენტის წარდგენის ღონისძიება მიმდინარეობს.
ღონისძიებას EBRD-ის რეგიონული დირექტორი კატარინა ბიორლინ ჰანსენი და სხვა წევრები, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, პროექტის მენეჯერი შალვა კოკოჩაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან.

გორის მუნიციპალიტეტის მერის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის განცხადებით, მუნიციპალიტეტში ბევრი რამ კეთდება ურბანული ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ურბანული ტრანსპორტის განვითარება. ამაზე, რა თქმა უნდა, ყოველდღიურად ვმუშაობთ, რომ კომფორტული იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება ჩვენი მოსახლეობისთვის. ძირითადი მიმართულებებიდან რა საკითხებზეც დღევანდელ შეხვედრაზე აქცენტები გაკეთდება, და რა თქმა უნდა, გავითვალისწინებთ თითოულს და აღნიშნულ მიმართულებებს უფრო დავხვეწავთ. გასულ წელს, გორის მუნიციპალიტეტში რიგი გადაწყვეტილებები მივიღეთ, რამაც ტრანსპორტის სექტორში ეფექტური შედეგები მოგვცა, ესენი გახლდათ მგზვრებისთვის ერთსაათიანი საშეღავათო პერიოდის ამოქმედება, ასევე უფასოდ ვაი-ფაის ჩართვა საზოგადოებრივ ტრანსპორტში, დავამატეთ გაჩერებები და მივიღეთ ისეთი გადაწყვეტილებები, რაც უფრო ეფექტურად იმუშავებს ამ მიმართულებით“, - აღნიშნა შეხვედრაზე გორის მუნიციპალიტეტის მერმა.
კვირის ამბები