საზოგადოება
09.03.2023 12:56
გორში, საქართველოს ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის გენდერის კომპონენტის წარდგენის ღონისძიება გაიმართება

გორში,  საქართველოს ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის გენდერის კომპონენტის ოფიციალური წარდგენის ღონისძიება გაიმართება. შეხვედრა დღეს, 9 მარტს, სასტუმრო „გორი ინ“-ში 14:00 საათზე დაიწყება.

პროექტის მიზანი საქართველოს მუნიციპალურ სატრანსპორტო სექტორში თანაბარი შესაძლებლობების შექმნა და ინკლუზიური სატრანსპორტო მომსახურების ხელშეწყობაა.

პროგრამა, საქართველოს რეგიონებში, კერძოდ გორში, ქუთაისში, ზუგდიდში, თელავში, რუსთავსა და ფოთში განხორციელდება.

პროექტის ბენეფიციარები, აღნიშნული ქალაქების მუნიციპალური სატრანსპორტო კომპანიები, სასწავლო დაწესებულებები და ქალაქის მოსახლეობა იქნება.

„ამ ინიციატივით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსახლეობის სარგებლობის ზრდას. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ქალებზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე, საპენსიო ასაკის მოსახლეობასა და სხვა სოციალურ კატეგორიაზე. პროექტი მიზნად ისახავს სატრანსპორტო სექტორში ქალთა როლის და კარიერული წინსვლის შესაძლებლობების გაძლიერებას, მათ შორის ტექნიკურ და ხელმძღვანელ პოზიციებზე; ქალი მძღოლების მომზადებას; სატრანსპორტო კომპანიებისთვის თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკებისა და ინკლუზიური ტრანსპორტის გეგმებისა და პრაქტიკების შემუშავება-დანერგვას, ასევე, ადგილობრივ სასწავლო დაწესებულებებთან თანამშრომლობით, მათი შესაძლებლობების გაძლიერებითა და საჭირო უნარების კადრების მომზადებით, სატრანსპორტო კომპანიისთვის შესაძლებლობების მნიშვნელოვნად გაზრდას“, - აცხადებენ შეხვედრის ორგანიზატორები.

პროექტი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდთან თანამშრომლობით ხორციელდება.

 

კვირის ამბები