პირველად, ქართული ვაშლი ექსპორტზე დუბაიში გადის.
როგორც გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ადგილობრივი მეწარმე-ფერმერი ზურაბ გოჯიაშვილი აცხადებს, 20 ტონა ვაშლი გორიდან დუბაიში უახლოეს დღეებში გაიგზავნება.
გოჯიაშვილის განცხადებით, ქვეყნის ფარგლებს გარეთ ხილის გატანისთვის საჭირო პროცედურების მოგვარებაში, ფერმერს USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა დაეხმარა.
,,პირველ, გაუბედავ ნაბიჯებს ვდგამთ, ბევრი გამოწვევა გვაქვს, ბევრი რამ არ ვიცით, წარმატებაზე ჯერ ადრეა საუბარი, თუმცა, ფაქტია, რომ პირველი გარღვევა ხდება, ამით შეიძლება გაიხსნას გასაღების დიდი ბაზარი.
სოფლის მეურნეობაში ინტენსიური მევაშლეობის კუთხით ინვესტირება 2014 წლიდან დავიწყეთ. გადავწყვიტეთ, იმპორტზე აღარ ყოფილიყო ქართული ბაზარი ორიენტირებული და გვეზრუნა, ჩაგვენაცვლებინა იმპორტირებული ვაშლი.
ამ ხნის განმავლობაში დავაგროვეთ გამოცდილება, ვისწავლეთ კარგი ხარისხის ვაშლის მოყვანა, თუმცა, მოსავლიანობის კუთხით, სერიოზული გამოწვევების წინაშე ვდგავართ და ვცდილობთ, ამ ,,ორმოს“ ამოვსებას უცხოეთიდან თუ საქართველოდან მოწვეული სპეციალისტების დახმარებით.
შედარებისთვის, საჰექტარო მოსავლიანობა ჩვენს მსგავს ბაღებში, უცხოეთში 60 ტონას დიდი ხანია გასცდა, ჩვენ კი 30 ტონიან ბარიერს ვერ ავცდით, თუმცა, ხარისხის მხრივ პრობლემა აღარ გვაქვს.
2010 წლიდან თუ გადავხედავთ სტატისტიკას, საქართველოს, ყოველწლიურად, 10-12-15 ათასი ტონა ვაშლი უცხოეთიდან შემოაქვს და აქედან გამომდინარე, ჩვენ, მთლიანად, იმპორტის ჩანაცვლებაზე რომ ვიმუშაოთ, ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ მოწეული ხილის შენახვის ამოცანაა გადასაჭრელი.
ქართული აგრარული პოლიტიკის და უცხოელი დონორების დახმარებით (ევროკავშირისა და იუესაიდის დახმარებას გამოვყოფდი), ჩვენ, 100 ტონის ტევადობის სამაცივრე საცავი ავაშენეთ და დამხარისხებელი დანადგარი შევიძინეთ, ამავდროულად, ევროკავშირის ფულადი საჩუქრით, ევროსტანდარტების შესაბამისი სამაცივრე საცავი მოვაწყვეთ.
ჩვენი პროდუქციის ექსპორტზე გატანა ხდება კომპანია „ექსიმპროპის“ დახმარებით.
ეს წამოწყება ჩვენთვის იმდენად ფინანსურ მოგებასთან არ არის დაკავშირებული, რამდენადაც ცოდნის დაგროვებასთან და ბაზრის ათვისებასთან.
დუბაიში გამართული გამოფენის საფუძველზე, საქართველოში წარმოებული პროდუქცია მათთვის თეორიულ დონეზე უკვე მისაღები გახდა და ახლა გვინდა, პრაქტიკულად განვახორციელოთ მიწოდება", - განაცხადა ზურაბ გოჯიაშვილმა.