საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ერგნეთის ამბულატორიის შენობაში, გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფლებში - ბროწლეთში, მეღვრეკისში, ტირძნისსა და ერგნეთში მცხოვრები პატარებისთვის სამედიცინო-საქველმოქმედო აქცია გაიმართა.
აქცია კერძო და სახელმწიფო სექტორის ერთობლივი ორგანიზებით შედგა. საქველმოქმედო ღონისძიებაში შიდა ქართლის გუბერნია, გორის მუნიციპალიტეტის მერია, კომპანია ,,ჰუმანა“ და გორის სამედიცინო ცენტრი მონაწილეობდნენ.
,,დღეს, სამედიცინო აქცია მიმდინარეობს სოფელ ერგნეთში. ამჯერად, პედიატრები გვყავს სტუმრად და სამედიცინო აქციის ფარგლებში მოემსახურებიან ერგნეთში, ბროწლეთში, მეღვრეკისსა და ტირძნისში მცხოვრებ ბავშვებს. ასევე, კერძო კომპანიის ჩართულობით, აქაურ პატარებს საკვები და სხვადასხვა საჩუქარი გადაცემათ. მსგავსი ტიპის ღონისძიებები მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობის მხარდაჭერა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და მნიშვნელოვანი მიმართულებაა“, - განაცხადა GMnews-თან საუბრისას შიდა ქართლის გუბერნატორმა გიგი ხოჯევანიშვილმა.
გამყოფ ხაზთან მცხოვრებ ორ წლამდე ასაკის ბავშვებს პედიატრის და ფსიქოლოგის კონსულტაციაც გაეწიათ.
,,ერგნეთის ამბულატორიას დღეს სტუმრობდა კომპანია ,,ჰუმანა“, რომელმაც დაასაჩუქრა ორ წლამდე ასაკის პატარები. ასევე, იმყოფებოდნენ ფსიქოლოგი და პედიატრი გორის სამედიცინო ცენტრიდან, რომლებმაც კონსულტაცია გაუწიეს აღნიშბული ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლებს. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ პირს, ვინც ორგანიზება გაუწია აღნიშნულ ღონისძიებას და ასეთი დღესასწაული მოგვიწყო“, - აღნიშნა ერგნეთის ამბულატორიის ოჯახის ექიმმა თამარ მინდიაშვილმა.
,,ჰუმანას“ წარმომადგენლების, ნინო ტაბატაძის და თინა სუპატაშვილის განცხადებით, კომპანია გამყოფ ხაზთან მცხოვრებ სხვადასხვა სოფელს ხშირად სტუმრობს და მსგავსი საქველმოქმედო აქციების ჩატარებას კვლავ გეგმავს.
,,მონაწილეობა მივიღეთ საქველმოქმედო ღონისძიებაში, ჩამოვედით საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ერგნეთში და წლამდე და ერთი წლის ასაკის ზემოთ ბავშვებს საჩუქრები გადავეცით. კომპანია ,,ჰუმანასთვის“ ეს ძალიან დიდი პატივია. მსგავსი ღონისძიება ჩატარდა სოფელ მერეთშიც, კასპის მუნიციპალიტეტის ე.წ საზღვრისპირა სოფლებშიც და ანალოგიურ საქველმოქმედო აქციას კვლავ ვგეგმავთ“, - აღნიშნეს კომპანიის წარმომადგენლებმა.