გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და ორი ადამიანის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ნიკა საბაშვილს მოსამართლე დავით მაკარაძემ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
როგორც სხდომაზე პროკურორმა მიხეილ ბერიაშვილმა აღნიშნა, ბრალდებული ორმაგი მოქალაქეობის მქონეა (საქართველოს და რუსეთის ფედერაციის), რამდენჯერმე ფიქსირდება მისი მხრიდან საზღვრის კვეთა, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ საბაშვილს აქვს გარკვეული კონტაქტები და შესაბამისდ, არსებობს მიმალვის საფრთხე, აღნიშნულის გარდა, ბრალდების მხარემ პატიმრობის გამოყენების სხვა საფუძვლებიც დაასახელა.
,,საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენლია მტკიცებულებები, რომლებიც დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით ასაბუთებენ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ფაქტობრივ საფუძვლებს. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა უნდა იქნას გამოყენებული. მოგეხსენებათ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექი პატიმრობის გამოყენების საფუძვლად უთითებს მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის ან მტკიცებულებების განადგურების საფრთხეს, ჩვენი პოზიციაა, რომ ამ შემთხვევაში, სამივე საფრთხე სრულიად დასაბუთებულია, დაცვის მხრის მხრიდან საუბარი იყო გამოძალვაზე, მაგრამ ეს პირი არჩევანს არ აკეთებს კანონის სასარგებლოდ და თავად იღებს გადაწყვეტილებას, ამიტომ უალტერნატივოდ ვითხოვთ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებას“, - განაცხადა მიხეილ ბერიაშვილმა.
ბრალდების მხარის პოზიციას ცალსახად არ იზიარებს დაცვის მხარე.
დაცვის მხარემ სასამართლოს წინაშე დააყენა შუამდგომლობა, რომ საბაშვილს აღკვეთის არანაირი ღონისძიება არ შეფარდებოდა.
,,თუ ფაქტებს სწორად წარმოვაჩენთ, ის საფრთხეები, რაზეც ბრალდების მხარე საუბრობდა, ავტომატურად ნეიტრალდება. ბრალის ფორმულირება ბრალდების მხარემ არაობიექტურად მოგვაწოდა. საქმეში არსებული მტკიცებულებები მოწმობს, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, ამ ადამიანების მოკვლის წინასწარი განზრახვა არ ჰქონია. მისი კუთვნილი, მის სახელზე რეგისტრირებული სანადირო თოფი, რომელიც ავტომანქანის უკანა სავარძელზე იდო, საბრძოლო მდგომარეობაშიც კი არ იყო მოყვანილი და მხოლოდ მას შემდეგ მოიყვანა საბრძოლო მდგომარეობაში, როდესაც ამ პირების მხრიდან შეურაცხყოფის და მუქარის კორიანტელი წამოვიდა, სწორედ მათ დასანახავად მოიყვანა იარაღი საბრძოლო მდგომარეობაში, რომ აღნიშნული პირები მოეგერიებინა. სასამართლოს წინაშე ვაყენებთ შუამდგომლობას, რომ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად საერთოდ არ იყოს გამოყენებულ პატიმრობა და ვაყენებთ შუამდგომლობას, რომ გამოყენებულ იქნას შემდეგი შეზღუდვები: ყველა სახის საბუთის (პირადობის მოწმობა, პასპორტი) ჩამორთმევა;
მოწმეებთან მიახლოების აკრძალვა; ელექტრონული მონიტორინგი (ელექტროსამაჯურის გამოყენებით); პოლიციის განყოფილებაში ყოველდღიურად გამოცხადების ვალდებულება; გირაო“, - განაცხადა სხდომაზე ბრალდებულის ადვოკატმა ნოდარ ცინცაძემ, თუმცა, მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
საქმის ერთ-ერთი პროკურორის, ნიკოლოზ სანიკიძის განცხადებით, ამ ეტაპზე გამოკვეთილია შურისძიების მოტივი, ფულის გამოძალვის ფაქტზე კი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.
,,სასამართლომ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გამოყენებულიყო. თუ მხედველობაში მივიღებთ თვითონ დანაშაულის ხასიათს და იმ გარემოებებს, თუ რა ვითრებაში მოხდა აღნიშნული დანაშაულის და აღნიშნული ქმედების ჩადენა ბრალდებულის მხრიდან, ბრალდების მხარის მხრიდან ყველა ფორმალური და ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი საფუძველი იქნა სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულების სახით, რაც პირდაპირ მიუთითებდა იმას, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების ყველა წინაპირობა არსებობდა, რაც სასამართლომაც შეაფასა და შესაბამისად, მიიღო გადაწყვეტილება პატიმრობის გამოყენების თაობაზე.
მტკიცებულებებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე გამოკვეთილია შურისძიების მოტივი, რაც შეეხება სხვა წინაპირობებს, გამოძიება გრძელდება და შესაბამისად, ყველა სკითხი რაც უკავშირდება მოტივს, არ დარჩება შეფასების გარეშე, უფრო მეტიც, გამოყოფილი არის ცალკე სისხლის სამართლის საქმე გამოძალვასთან დაკავშირებით და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო უწყების მიერ დაკავებულია ერთი პირი“, - განაცხადა პროკურორმა ნიკოლოზ სანიკიძემ.
აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე გამართულ სასამართლო სხდომას ბრალდებულის ოჯახს წევრები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი და დაშავებული პირების ახლობლები პროცესს არ დასწრებიან.
ადვოკატების განცხადებით, მას შემდეგ, რაც დაცვის მხარე დასაბუთებულ გადაწყვეტილებას ჩაიბარებს, საბაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებაზე მიღებულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. ნიკა საბაშვილის ინტერესებს სამი ადვოკატი იცავს - ნოდარ ცინცაძე, სულხან კომახიძე და გოჩა გოჩიტაშვილი.
წინასასამართლო სხდომა 24 აპრილს ჩაინიშნა.
შეგახსენებთ, 28 თებერვალს, გორში, რკინიგზის სადგურის დასახლებაში მოქმედი ერთ-ერთი ავტოსახელოსნოს მღებავმა, 32 წლის ნიკა საბაშვილმა, მის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან ორი პირის მიმართ გასროლა განახორციელა, რა დროსაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა, მეორემ კი სხეულის მრავლობითი ცეცხლნასროლი დაზიანებები მიიღო, დაშავებულს ჩაუტარდა რამდენიმე ურთულესი ოპერაცია, ამჟამად მკურნალობა უტარდება სამხედრო ჰოსპიტლის რეანიმაციულ განყოფილებაში და მისი მდგომარეობა კვლავ კრიტკულად მძიმეა.