სამართალდამცავებმა გორში ერთი პირი დააკავეს, რომელიც ფულის გამოძალვის საქმეში ფიგურირებს, - ამის შესახებ, ორი ადამიანის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ნიკა საბაშვილის ადვოკატმა განაცხადა.
ნოდარ ცინცაძის თქმით, პირი, რომელიც პოლიციამ დააკავა, გარდაცვლილ და დაშავებულ პირებს თანხის მოთხოვნის დროს თან ახლდა.
,,სულ ცოტა ხნის წინ, გორში დააკავეს ერთი პირი. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან გამომდინარე, ეს ადამიანი, გარდაცვლილ და დაშავებულ პირებს თანხის მოთხოვნის დროს თან ახლდა და მონაწილეობას იღებდა. მეტი ინფორმაცია არ გამაჩნია. ეს არის ამ საქმიდან ცალკე წარმოებად გამოყოფილი საქმე, სადაც საქმის მასალებზე ჩვენ ხელი ჯერ არ მიგვიწვდება და მომავალში, ბუნებრივია, ლოგიკურად, საბაშვილების ოჯახი დაზარალებულად უნდა ცნონ ამ საქმეზე და ოფიციალურად, ჩვენ მხოლოდ ამის შემდეგ გვექნება წვდომა აღნიშნული საქმის მასალებზე“, - განაცხადა ნოდარ ცინცაძემ.
გორში, ფულის გამოძალვის საქმეზე ერთი პირის დაკავება დაადასტურა პროკურორმაც.
28 თებერვალს მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირებისას ორი ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმის პროკურორის, ნიკოლოზ სანიკიძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო უწყების მიერ დაკავებულია ერთი პირი.
,,რაც შეეხება 28 თებერვალს გორში მომხდარ ფაქტს, მტკიცებულებებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე, გამოკვეთილია შურისძიების მოტივი, რაც შეეხება სხვა წინაპირობებს, გამოძიება გრძელდება და შესაბამისად, ყველა საკითხი, რაც უკავშირდება მოტივს, არ დარჩება შეფასების გარეშე, უფრო მეტიც, გამოყოფილი არის ცალკე სისხლის სამართლის საქმე გამოძალვის ფაქტთან დაკავშირებით და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო უწყების მიერ დაკავებულია ერთი პირი მას შემდეგ, რაც ბრალდებულის ოჯახის წევრებმა შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდეს საგამოძიებო ორგანოს“, - განაცხადა ნიკოლოზ სანიკიძემ.
შეგახსენებთ, 28 თებერვალს, გორში, ერთ-ერთი ავტოსახელოსნოს მღებავმა, 32 წლის ნიკა საბაშვილმა ორი პირის მიმართ მის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელა, რა დროსაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა, მეორემ კი სხეულის მრავლობითი ცეცხლნასროლი დაზიანებები მიიღო და მისი მდგომარეობა ამ დრომდე კრიტკულად მძიმეა.
ბრალდებული საბაშვილის ადვოკატების განცხადებით, აღნიშნული პირები ავტოსახელოსნოში დასაქმებული ოჯახის სამ წევრს - მამას და შვილებს ფულს სძალავდნენ და ემუქრებოდნენ.