საზოგადოება
02.03.2023 15:59
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ახალი კლინიკების და სერვისის მიმწოდებლების რეგისტრაცია შეჩერდა
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ახალი კლინიკების და სერვისის მიმწოდებლების რეგისტრაცია/დამატება 2023 წლის 31 დეკემბრამდე შეჩერდა, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყებაში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილების მიზანი მოქალაქეებისთვის ხარისხიანი, გაუმჯობესებული სერვისების მიწოდება და პროგრამაში ჩართულ დაწესებულებათა ოპტიმალური რაოდენობის განსაზღვრაა.
„ამ პერიოდში, სამინისტრო ვალდებულია, შეიმუშაოს კრიტერიუმები და სტანდარტები, რომლითაც პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის სამართლიანი და კონკურენტული პირობები განისაზღვრება.
პროგრამაში უკვე ჩართული ყველა კლინიკა ვალდებულია, შეინარჩუნოს ის სერვისები, რომელსაც პროგრამის ფარგლებში ახორციელებდნენ.

შეზღუდვა არ ვრცელდება ზოგადი ანესთეზიით სტომატოლოგიურ მომსახურებასა და თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შედეგად განვითარებული მდგომარეობის რეაბილიტაციაზე“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, მთავრობის შესაბამისი დადგენილება 21 თებერვლიდან შევიდა ძალაში.
კვირის ამბები