სამართალი
02.03.2023 12:36
განზრახ მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე გორის რაიონული სასამართლო დღეს იმსჯელებს

გორის რაიონული სასამართლო სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს ერთი ადამიანის განზრახ მკვლელობისა და ერთი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე.

ბრალდებულის ადვოკატის ინფორმაციით, სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში ჩაინიშნება.

შეგახსენებთ, შემთხვევა 28 თებერვალს, გორში, სადგურის დასახლების ტერიტორიაზე მოხდა.

შემთხვევის დროს განხორციელებული სროლის შედეგად, ერთი ადამიანი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა, მეორე კი, მრავლობითი ცეცხლნასროლი დაზიანებებით სამხედრო ჰოსპიტლის რეანიმეაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულად მძიმეა.

დაკავებულს ბრალი  სსკ-ის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და სსკ-ის 19-109-ე (განზრახ მკვლელობის მცდელობა) მუხლებით წარედგინა.

ცნობისთვის, ბრალდებულის ადვოკატის ნოდარ ცინცაძის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი აღნიშნული მუხლებით წაყენებულ ბრალს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მომხდარი ფაქტი აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ჩაიდინა, შესაბამისად, დაცვის მხარე გეგმავს, სასამართლოს წინაშე დააყენოს შუამდგომლობა, რომ ბრალდებულს საერთოდ არ შეეფარდოს არანაირი სახის აღკვეთის ღონისძიება.

კვირის ამბები