გორის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი დასახლებების უშუქოდ დარჩენილ სოფლებში მზის ელექტროსადგურების მონტაჟი უახლოეს დღეებში დაიწყება. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მუნიციპალური განვითარების ფონდი, მზის ელექტროსადგურებს შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთისა და კახეთის იმ სოფლებში დაამონტაჟებს, სადაც მუდმივი მცხოვრებლები არიან.
,,ბოშურის თემში გათვალისწინებული იყო მზის პანელების სამ სოფელში დამონტაჟება, თუმცა, ერთ-ერთ უშუქო სოფელში - იფნარაში, სადაც 7 მუდმივმაცხოვრებელი ოჯახი სახლობს, ელექტრო ენერგია უკვე შევიყვანეთ, შესაბამისად, ამ ეტაპზე, მხოლოდ ორ სოფელში - გაიჩაანთუბანსა და თხილნარაში იწყება მზის ენერგიაზე მომუშავე სისტემების მონტაჟი. ორივე სოფელში მხოლოდ თითო მოსახლეა. ამ სოფლებში 90-იანი წლების შემდეგ დენი არ ყოფილა. გასულ წლებში კი დამონტაჟდა მზის სისტემები, თუმცა, ძალიან სუსტი იყო და მხოლოდ ნათურის ანთება შეიძლებოდა, ახლა კი, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ამ ადამიანების მდგომარეობა და მზის ბატარეებით მიღებული ენერგიით საყოფაცხოვრებო ტექნიკასაც შეუფერხებლად ამუშავებენ“, - განაცხადა gmnews-თან გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ბოშურის თემში კახაბერ თინიკაშვილმა.
ჯამში, თითქმის ოცდაათწლიანი ლოდინის შემდეგ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ელექტოენერგიას, 178 ოჯახი მიიღებს.