გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულში სასმელი წყლის სისტემა მოეწყობა. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით, გორის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.
წინადადებების მიღება 16 მარტს დაიწყება და სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 954 010 ლარია.
„აღნიშნული წყალმომარაგების სისტემით სოფლის მოსახლეობის 30 %, 120-მდე ოჯახი ისარგებლებს. მოსახლეობის აღნიშნულ ნაწილს, დღემდე ამორტიზებული სისტემა ემსახურებოდა და სასმელი წყალი გრაფიკით, დღეში ერთი საათით მიეწოდებოდა.
რაც შეეხება სოფლის მოსახლეობის დანარჩენ ნაწილს (70 %), წყალი 24-საათიანი გრაფიკით მიეწოდება. წყალმომარაგების სისტემა, რომლითაც სოფლის მოსახლეობის აღნიშნული ნაწილი სარგებლობს, 6 წლის წინ მოეწყო“, - ნათქვამია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.