გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე, მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობის პარალელურად, გზის გარკვეულ მონაკვეთებზე ასფალტის საფარის პირველი პირი იგება.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 1 708 მეტრია, სამუშაოების ღირებულება კი, 751 000 ლარია.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
ქვახვრელში მიმდინარე სამუშაოები შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მიხეილ შაყულაშვილმა, რწმუნებულის პირველმა მოადგილემ სიმონ გულედანმა და გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა დაათვალიერეს.
როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, გზის აღნიშნული მონაკვეთი ტურისტული მნიშვნელობისაა. გარდა იმისა, რომ გზა ვიზიტორებს უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალთან აკავშირებს, სოფლის სასაფლაოსკენაც მიემართება.
სამუშაოები მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება.