სპორტი
02.03.2023 12:20
მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის - გიორგი ხინჩეგაშვილის ხსოვნის მემორიალური ტურნირი გაიმართება
4-5 მარტს, გორის სპორტის სასახლეში, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის - გიორგი ხინჩეგაშვილის ხსოვნის მემორიალური ტურნირი გაიმართება თავისუფალ ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის.

ტურნირის ორგანიზატორის, გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ინფორმაციით, შეჯიბრებას საფუძველი 2016 წელს, ღვაწლმოსილი მწვრთნელის - ნუგზარ სხირელის ინიციატივით ჩაეყარა და იგი არ გამართულა მხოლოდ 2020 წელს (პანდემიის გამო), შესაბამისად, გორი ამ ტურნირს მეშვიდედ უმასპინძლებს.
ტურნირში იასპარეზებენ ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის და ქალაქის სპორტსმენები. ისინი მედლებისთვის 10 წონით კატეგორიაში იბრძოლებენ.

გამოვლინდებიან როგორც ინდივიდუალურ შეჯიბრებაში გამარჯვებულები და პრიზიორები, ისე საუკეთესო გუნდი.
ორგანიზატორთა თქმით, 3 მარტს გაიმართება აწონვები და დაკომპლექტდება საშეჯიბრო ბადეები; 4 და 5 მარტს, 10 საათიდან კი გორის სპორტის სასახლეში ჩატარდება წინასწარი ეტაპის, ნახევარფინალური და ფინალური შეხვედრები.
ტურნირზე დასწრება თავისუფალია.
კვირის ამბები