პაციენტი რჩება სამხედრო ჰოსპიტლის ინტენსიური მოვლისა და ანესთეზიოლოგიის განყოფილებაში, უტარდება შესაბამისი მკურნალობა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე რჩება კრიტიკულად მძიმე, - ამის შესახებ ,,გორის მაცნეს“ სამხედრო ჰოსპიტლის ინტენსიური მოვლისა და ანესთეზიოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელმა ზურაბ ნადირაშვილმა განუცხადა.
შეგახსენებთ, 27 წლის ვანო ღვინიაშვილმა მრავლობითი ცეცხლნასროლი დაზიანებები 28 თებერვალს, გორში, სადგურის დასახლების ტერიტორიაზე მომხდარი დაპირისპირებისას მიიღო. ღვინიაშვილს ჰოსპიტალში რამდენიმე რთული ოპერაცია ჩაუტარდა. მასთან ერთად მყოფი კიდევ ერთი პირი კი, რომელსაც ცეცხლნასროლი დაზიანება თავის არეში ჰქონდა მიყენებული, საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
მომხდარ ფაქტზე სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს. დაკავებულ ნიკა საბაშვილს ბრალი ოფიციალურად გუშინ საღამოს წარედგინა სსკ-ის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და სსკ-ის 19-109-ე (განზრახ მკვლელობის მცდელობა) მუხლებით.
ცნობისთვის, ბრალდებულის ადვოკატის ნოდარ ცინცაძის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი აღნიშნული მუხლებით წაყენებულ ბრალს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მომხდარი ფაქტი აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ჩაიდინა.