საზოგადოება
29.01.2020 13:28
გამყოფი ხაზის მოსაზღვრე სოფელ ქერეში გზის რეაბილიტაცია განხორციელდება

გამყოფი ხაზის მოსაზღვრე სოფელ ქერეში, გზის რეაბილიტაცია განხორციელდება - კაპიტალურად შეკეთდება სოფლის შიდა საუბნო გზა, რომელიც ქერეს მისასვლელი გზის გაგრძელებას წარმოადგენს. ადგილობრივმა თვითმმართველობამ შესაბამისი მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. 969 მეტრის სიგრძის გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაციის, ეზოებში შესასვლელებისა და გზის მიერთებების მოწყობისთვის 621 557 ლარია განსაზღვრული. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალური ინფორმაციით, წინადადებების მიღების პროცესი ხვალ შეწყდება. სამუშაოები კი, ტენდერის პირობებიდან გამომდინარე, ხელშეკრულების გაფორმებიდან  სამ თვეში უნდა დასრულდეს. ქერეს შიდა გზის რეაბილიტაცია სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

გზის რეაბილიტაციასთან ერთად, ქერეში, მიმდინარე წელს, სასმელი წყლის პრობლემაც მოგვარდება. პროექტის განხორციელების შემდეგ, სასმელი წყალი სოფლის ყველა მაცხოვრებელს, საკუთარ ეზოში, 24 საათიან რეჟიმში მიეწოდება.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, ქერეს მაცხოვრებლებმა სოფლის შესასვლელში აქცია გამართეს და შექმნილი პრობლემების მოგვარება მოითხოვეს. გორის მუნიციპალიტეტის მერმა, ქერელების პროტესტის პასუხად განაცხადა, რომ სოფელში არსებული პრობლემები იდენტიფიცირებული იყო და მიმდინარეობდა შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად.

კვირის ამბები