გორის კულტურის ცენტრში დავით აღმაშენებლის ხსენების დღისადმი მიძღვნილი კვირეული საზეიმო ღონისძიებით დასრულდა.
გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს ინფორმაციით, კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ საგანმანათლებლო და შემოქმედებით აქტივობებში გორის მუნიციპალიტეტის კერძო და საჯარო სკოლების 200-მდე მოსწავლე მონაწილეობდა.
დავით აღმაშენებლის თემატიკაზე მოეწყო ნახატების გამოფენა-კონკურსი, ლექცია-სემინარი და კონკურსი ისტორიაში.
ისტორიის კონკურსში გამოვლინდა 5 საუკეთესო ქულის მქონე მოსწავლე, ჟიურიმ, ასევე შეარჩია სამი საუკეთესო ნახატი თემაზე - „ჩემი თვალით დანახული დავით აღმაშენებელი“.
ორგანიზატორთა თქმით, პროექტის ფინალურ ეტაპზე გასული მოსწავლეები ქუთაისში, გელათის სამონასტრო კომპლექსის მოსანახულებლად გაემგზავრებიან.