საზოგადოება
01.03.2023 12:48
ტანასა და თეძამის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის საკითხებთან დაკავშირებით გორში შეხვედრა გაიმართა
ტანასა და თეძამის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის საკითხებთან დაკავშირებით, გორში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი და გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად საერთაშორისო ორგანიზაცია „გოპა საქართველოს“ წარმომადგენლებს შეხვდნენ.

საერთაშორისო ორგანიზაციის სათემო კოორდინატორებმა - ავთანდილ მჭედლიძემ და დავით დოლიძემ შეხვედრის მონაწილეებს პროექტი გააცნეს, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს სამუშაოები გორის მუნიციპალიტეტში არსებული დაცული ტერიტორიების განვითარების მიზნით.

„პროექტის მიზანია, ტანასა და თეძამის ხეობებში უნიკალური ეკოსისტემების დაცვა, ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტის შენარჩუნება, ტურისტულ‐რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების პირობებში შემოსავლის მიღების წყაროს შექმნა ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

პროექტი მთელი საქარველოს მასშტაბით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან მოპოვებული გრანტის ფარგლებში ხორციელდება“, - ნათქვამია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ „ტანასა და თეძამის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა გასული წლის დეკემბერში დაამტკიცა.

ტანასა და თეძამის დაცული ლანდშაფტის საერთო ფართობი 21 864 ჰექტრით, ტანას აღკვეთილის საერთო ფართობი კი 10 986 ჰექტარით განისაზღვრა.
კანონპროექტი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან ერთად შეიმუშავა.
კვირის ამბები