საზოგადოება
01.03.2023 12:45
2023 წლის გამოცდებისთვის რეგისტრაცია 2 მარტს დაიწყება
2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის, ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაცია 2 მარტს, 10:00 საათზე დაიწყება და 3 აპრილს 18:00 საათზე დასრულდება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2023 წლის საგამოცდო პროცესში ჩართვის აუცილებელი პირობა რეგისტრაციის დადგენილ ვადებში გავლაა.

საგამოცდო ცენტრები განთავსდება თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში.

„რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება: ძირითად ეტაპზე - 3 აპრილის 18:00 საათამდე გამოსაცდელი ვალდებულია შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ გამოსაცდელი გამოცდებზე ვეღარ დარეგისტრირდება. საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს 13 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლებათ. საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა მათ აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ. დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე 2 მარტს გამოქვეყნდება“, - ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვირის ამბები