რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლაშა ხეთერელი თავისუფალია, - აღნიშნულ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
სუს-ის ცნობით, ხეთერელის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახორციელებდა მუდმივ კომუნიკაციას ცხელი ხაზის მეშვეობით. აღნიშნულ პროცესში უშუალოდ იყვნენ ჩართული საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები.
,,ლაშა ხეთერელის უკანონო დაკავებისა და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხს ცენტრალური ხელისუფლება რეგულარულად აყენებდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატებში გამართულ შეხვედრებზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად განაგრძობს მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის გასათავისუფლებლად“, - აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.