დაზარალებულს უტარდება ოპერაცია, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა - იგორ გეორგიანი
გორში, რკინიგზის სადგურის დასახლებაში მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად დაჭრილ ახალგაზრდა მამაკაცს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტლის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილების ხელმძღვანელის იგორ გეორგიანის ინფორმაციით, პაციენტს ჩაუტარდა პირველადი დახმარება და სასიცოცხლო ჩვენებებით გადაყვანილია საოპერაციო ბლოკში. ამ დროისთვის გრძელდება ოპერაციული მკურნალობა.
„სამხედრო ჰოსპიტლის გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში შემოყვანილი იქნა ორი მამაკაცი, სავარაუდოდ, ცეცხსასროლი იარაღით მიყენებული მრავლობითი დაზიანებებით. აქედან ერთი იყო გარდაცვლილი, მეორე კრიტიკულ მდგომარეობაში. პაციენტს ჩაუტარდა პირველადი დახმარება და სასიცოცხლო ჩვენებებით გადაყვანილია საოპერაციო ბლოკში. გრძელდება ოპერაციული მკურნალობა, დანარჩენს გვაჩვენებს შედეგები და მოვლენები“, - აღნიშნა იგორ გეორგიანმა.
გორში, რკინიგზის სადგურის დასახლებაში მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად ორმა პირმა სხეულის დაზიანება მიიღო.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მომხდარზე დაკავებულია ერთი პირი. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და სსკ-ის 19-109-ე (განზრახ მკვლელობის მცდელობა) მუხლებით მიმდინარეობს.