ლიტერატურული კონკურსი „მაჩაბელი - 2023“ დაიწყო. საკონკურსო მასალების მიღების ბოლო ვადა 2023 წლის 25 მარტია.
როგორც ცნობილია, კონკურსი ფართომასშტაბიანია და მონაწილეობა ქვეყნის ყველა კუთხის წარმომადგენელს შეუძლია. წესდების მიხედვით, საკონკურსოდ დაიშვება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ გამომცემლობათა და ლიტერატურული პერიოდიკის მიერ 2022-2023 (25 თებერვლის ჩათვლით) წლებში ნაბეჭდი სახით გამოქვეყნებული ლიტერატურული ნაწარმოები.
ლიტერატურული კონკურსი 2020 წელს დაარსდა და მისი დამფუძნებელ-კოორდინატორი გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილია.
პრემია „მაჩაბელი“ გაიცემა შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო პოეტური კრებული/ლექსების ციკლი; საუკეთესო პროზაული ნაწარმოები; საუკეთესო პიესა; საუკეთესო კრიტიკულ/ესეისტური/პუბლიცისტური კრებული; საუკეთესო პოეტური/პროზაული ქართული თარგმანი.
კონკურსზე განიხილება ბეჭდური სახით გამოცემული და ელექტრონულ ჟურნალში გამოქვეყნებული მასალები; კონკურსი გრძელდება 3 თვის განმავლობაში. გამარჯვებული ავტორების ვინაობა დაჯილდოების ცერემონიალზე, 2023 წლის 9 ივნისს გამოვლინდება.
კონკურსის ორგანიზატორთა ინფორმაციით, საკონკურსო ნომინაციაში გამარჯვებულ თითოეულ ავტორს, სპეციალურ პრიზთან ერთად, გადაეცემა პრემია 2000 ლარის ოდენობით.
რაც შეეხება „მაჩაბელი - 2023“-ის სპონსორებს, გორის მუნიციპალიტეტის მერია, ლიბერთი ბანკი, კომპანია „აგრო-ქართლი“, კომპანია „კულა“, „ტერასა გორი“ და „შატო ატენი“ არიან.