საზოგადოება
27.02.2023 12:41
გორის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა იწყება

გორის მუნიციპალიტეტის სოფლების - კარალეთის, პატარა გარეჯვრის და დიდი გარეჯვრის წყალმომარაგების სისტემის პროექტირება-მშენებლობა იწყება. პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განახორციელებს, წყალმომარაგების სისტემის პროექტირება-მშენებლობაზე ხელშეკრულება უკვე გაფორმდა.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, შესაბამის ხელშეკრულებას ხელი წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ, ნინო ნაროზაშვილმა და ტენდერში გამარჯვებული კონტრაქტორი კომპანია ამხანაგობა ჯეისა-ს (CEYSA) თავმჯდომარემ, აიდინ ჩელიქქანათმა მოაწერეს.

„სამუშაოების ფარგლებში, გათვალისწინებულია რეზერვუარების, ჭაბურღილების, სატუმბი სადგურის, მაგისტრალების და წყალმომარაგების ქსელების მოწყობა.

პროექტს, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, 36 მლნ. ლარზე მეტი მოხმარდება.

სამუშაოების შედეგად ადგილობრივები 24-საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით ისარგებლებენ“, - ნათქვამია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვირის ამბები